შოვსა და ნერგეეთში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე საბოლოო დასკვნები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განიხილეს. წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა წარადგინა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული  სტიქიური მოვლენების გახშირების ფაქტებზე ისაუბრა და ყურადღება სტიქიების მიზეზების დადგენის, პრევენციის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრის, ასევე, მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური  დასკვნების მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

2024 წლის 16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების და შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების საფუძველზე.