აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“.
25 ივლისს გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართელოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივი კონფერენცია “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. კონფერენცია მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობა.
ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და მისი შესრულების პროგრესი, აღნიშნული რეკომენდაციების და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საარჩევნო, მართლმსაჯულების, მედიის, დეპოლარიზაციის, ადამიანის უფლებების მიმართულებებით არსებული მდგომარეობა.
კონფერენციას უძღვებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.
ღონისძიების გახსნით ნაწილში, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
“სიამოვნებით ვესწრები პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმი ერთობლივ კონფერენციას. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ მომენტში პლატფორმის წევრებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. წლის ბოლოსკენ საქართველო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოების ლიდერები და მთავრობის მეთაურები გადაწყვეტენ მიანიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს. დარჩენილ დროში საქართველომ შეუსრულებელი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, რათა შესაძლებლობის ამ უნიკალური ფანჯრის გამოსაყენებლად რაც შეიძლება უკეთესად იყოს მომზადებული.
ვიცი, რომ ეს შეიძლება არ იყოს ადვილი. კომპრომისზე წასვლა, საერთო ენის გამონახვა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელია რადგან პოლიტიკოსების უმრავლესობას და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო მიზანი – დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში – და ამ არჩევანს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა”. – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
კონფერენციის გახსნით ნაწილში, შესავალი სიტყვით, მონაწილეებს მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა ტუღუშმა.
ერთობლივი კონფერენცია მმართველი გუნდის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი დისკუსიის ფორმატით წარიმართა. დამსწრეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძირითად საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. საგნობრივად იყო განხილული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 12 რეკომენდაციის პუნქტებზე შესრულების ანგარიში წარადგინეს, მათ შორის იყო სასამართლო რეფორმა, საარჩევნო საკითხები და დეოლიგარქიზაცია.
განსახილველი დარჩა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები, რომელიც შეეხება გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და შრომთი უფლებების საკითხებს.
ჟურნალისტებისთვის კონფერენციის ყველა სესია იყო ღია.
ერთობლივი კონფერენცია გაიმართ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.