საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ევროპარლამენტარი, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, სვენ მიქსერი სიტყვით გამოვიდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარის მონაწილეობის პირველი პრეცენდენტი იყო, რომელიც სამომავლოდ გააღრმავებს საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის თანამშრომლობას.

სვენ მიქსერმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბევრ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რუსულ აგრესიაზე, რეგიონში შექმნილ გარემოსა და საფრთხეებზე, ასოცირების შეთანხმებასა და მისი განხორციელების პროცესში ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არის მნიშვნელოვანი პროგრესი სხვადასხვა სფეროში, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და უმთავრესად ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

ევროკავშირი და ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს მხარს უჭერს არამხოლოდ მორალურად. ეს რეფორმები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე და მწვავედ შეაფასა როგორც არსებული პოლარიზაციის პროცესი, ისე კონსესუსის ხელიდან გაშვებული ფაქტები. „ქართველები კომპრომისს სისუსტის გამოვლინებად მიიჩნევენ“ – განაცხადა სვენ მიკსერმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.