2018 წლის 22 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის და პარლამენტებისთვის. პლატფორმის მესამე შეხვედრა გახსნა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, ანდრეი ადამჩიკმა, რომელიც ასევე გახლავთ აღნიშნული პლატფორმის თანათავმჯდომარე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მსველობაზე ისუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პლატფრომის წევრები არიან. დამსწრეებმა განიხილეს შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, წარადგინეს ანგარიშები მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და სურსათის უვნებლობის დარგში მიმდინარე რეფორმების შეფასებით. ღონისძიებაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეფასებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი და შესაბამისი რეკომენდაციები.