აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი, საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობა და სფეროები, რომელიც გამოწვევად რჩება ევროინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს 12-ვე პრიორიტეტი და მათ შესრულებასთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარება. ხაზი გაესვა მიმდინარე პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და როლს. ისაუბრეს იმ პროგრესზე, რომელიც ამ ეტაპისთვის არსებობს კონკრეტული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა იმ ამოცანებზეც, რომელიც ამ დრომდე რჩება გადაუწყვეტელი და საჭირეობს კონსენსუსსა და კომპრომისს საპარლამენტო პარტიების მხრიდან.

მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესის შენარჩუნება იმ მიმართულებებით, რომელიც ჯერ კიდევ აქტიური განხილვების ეტაპზეა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გაგრძელდება მუშაობა უკვე არსებულ ფორმატებში, ასევე იმსჯელეს ახალი ფორმატების შექმნის შესაძლებლობაზე.