28 ივლისს, სექტორული შეხვედრის ფორმატში, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფის წევრები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკითხები, უკვე მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სექტორულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: იური ნოზაძე, ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თემატური მოხსენება წარუდგინა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებზე.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, თავისი მიმართვისას ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში. მან ასევე მოკლედ ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომელიც სამომავლოდ თემატურად უნდა იქნას განხილული.

მოხსენებების წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პლატფორმის წევრი ორგანიზაციები. მათ ასევე გამოკვეთეს ის მიმართულებები, რომელიც პრობლემურია და საჭიროებს დამატებით განხილვებსა და მეტ ყურადღებას.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.