ეთიკის კოდექსი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის
ეთიკის კოდექსი
1.   ზოგადი დებულებანი

1.1. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა  (შემდგომში  „ეროვნული პლატფორმა“) საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სოციალური პარტნიორების, გაერთიანებაა, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.
1.2. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.
1.3. ამასთანავე, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ   აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობისა და საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობისათვის, მნიშვნელოვანია ეროვნული პლატფორმის წევრთა შორის  ქცევის  და ურთიერთობის ეთიკურისტანდარტების დამკვიდრება და განვითარება.
1.4. ეროვნული პლატფორმის   წევრი ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებას,  დაიცვან წინამდებარე ეთიკის კოდექსი (შემდგომში  „კოდექსი“), რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  ეროვნული პლატფორმის  ნაყოფიერებას, აქტიურ მუშაობას და ფართო საზოგადოების წინაშე ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვებას.

2.   კოდექსის მოქმედების ფარგლები და დანიშნულება

2.1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება  ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებზე;
2.2. კოდექსი მიზნად ისახავს ეროვნული პლატფორმის წევრთა საქმიანობის პრინციპების,  ქცევის წესებისა და ურთიერთობების ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებას;
2.3. კოდექსი ძალაში შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საერთო კრების მიერ დამტკიცებისთანავე;

3. ეროვნული პლატფორმის წევრთა საქმიანობის პრინციპები, ქცევის წესები,ურთიერთობების ეთიკური სტანდარტები

3.1. ეროვნული პლატფორმის წევრები, ესწრაფვიან რა ეროვნული პლატფორმის მიერ დასახული მიზნების მიღწევას, იღებენ ვალდებულებას  ხელი შეუწყონ:
•    პატივისცემასა  და სამართლიანობაზე, კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზე  დაფუძნებული  ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
•    კოლეგიალობას;
•    კონსტრუქციულ კრიტიკას;
•    განსხვავებულ მოსაზრებათა და შეხედულებათა პატივისცემას;
•    საკამათო საკითხების კონსტრუქციულ განხილვას;
•    ეთიკური დიალოგის წარმართვას;
•    გამჭვირვალე გარემოს შექმნას, ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოაშკარავებას;
•    მუდმივ კონტაქტსა და თანამშრომლობას, ანგარიშვალდებულებას სამოქალაქო საზოგადოების წინაშე;
•    კოლეგების საქმიანობის ობიეტურ შეაფასებას.
•    სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და შესრულებას;

3.2. ეროვნული პლატფორმის წევრები, ესწრაფვიან რა ეროვნული პლატფორმის მიერ დასახული მიზნებისა შესრულებას, იღებენ ვალდებულებას  არ დაუშვან :
•    ავტოკრატული ქმედებები;
•  დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის პლატფორმის ეფექტურ მუშაობას;
•    შეურაცხმყოფელი ლექსიკა,
•    დამცირება,
•    ცილისწამება;
•    უხეში და მიუღებელი, მათ შორის, პიროვნული კრიტიკა;
•    ინტერესთა კონფლიქტი,
• დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული  და სხვანიშნით
•    ეროვნული პლატფორმის მიზნების დისკრედიტაცია;
•    ეროვნული პლატფორმის საერთო საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივად გამოყენება.
3.3. ეროვნული პლატფორმის წევრები, ვალდებულნი არიან იყვნენ პუნქტუალურნი, სისტემატურად  დაესწრონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ  ფორუმის, საკორდინაციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების  მუშაობაში.

4.   ეთიკის კოდექსისა ნორმების დარღვევა

4.1. წინამდებარე დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპები  წარმოადგენს  ეროვნული პლატფორმის საქმიანობის საფუძველს და მათი მკაცრი დაცვა ეროვნული პლატფორმის წევრების  მიერ სავალდებულოა.
4.2. ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის/ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ საკოორდინაციო საბჭო გამოიყენებს ეროვნული პლატფორმის წესდებით გათვალისწინებულ ზომებს.

ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კოდექსით, უნდა გადაწყდეს შინაგანი რწმენით, ზნეობრივი და მორალური პრინციპების გათვალისწინებით.

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა