წესდება
14 / ივლ / 2015
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წესდება

(დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის საერთო კრების მიერ 2015 წლის 11 თებერვალს)


1.ზოგადი დებულებანი

1.1. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების, გაერთიანება, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.
1.2. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.
1.3. საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი

2. საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიზნები
2.1. საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიზნებია:
ა) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ;
ბ) აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პოპულარიზაცია;
გ) ისეთი პირობების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც დააჩქარებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას;
დ) აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის,  ვარშავისა და ვილნიუსის  სამიტების ერთობლივი დეკლარაციებით და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით  და სხვა ერთობლივი ღონისძიებებით განსაზღვრული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის:
-    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით  და სხვა ერთობლივი დოკუმენტებით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორტეტული სფეროებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
-    საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტირების მარეგულირებელი კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ყველა სფეროში;
- სათანადო პირობების შექმნა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ეფექტური განხორციელებისთვის;
- მონაწილეობის მიღება ასოცირების ხელშეკრულების 412 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (შემდგომში ქართულ-ევროპული პლატფორმა) და ამავე ხელშეკრულების 241 მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის ფორმირებაში მონაწილეობა;
-  დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში;
- მოქალაქეების გადაადგილების და უსაფრთხო გარემოში მათთვის ვიზების გამარტივების მხარდაჭერა;
-  ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და თანამშრომლობა გრძელვადიანი, სტაბილური და უსაფრთხო ენერგომოწოდების და ტრანზიტის სფეროში;
-    მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა;
-    ბიზნესის განვითარების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;
-    სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობა
-    კვლევა, ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაცია
-    განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა
-    სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
-    ტრანსპორტი
-    თანამშრომლობა კულტურის სფეროში
-    რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა
ე) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში, მათ შორის, ინფორმირების, ჩართულობისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით.  

3. საქმიანობის ფორმები
3.1. წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ეროვნული პლატფორმა:
ა) ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ;  
ბ) ქმნის ხუთ სამუშაო ჯგუფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი თემატური პლატფორმის შესაბამისად და ქვეჯგუფებს აღმოსავლეთის პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივებისა და სხვა მიმართულებების შესაბამისად წესდების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით;
გ) განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი თემატური პლატფორმისა და პარტნიორობის სპეციალური ინიციატივების განხორციელებას საქართველოში, მათ შორის შესწავლისა და მონიტორინგის გზით;
დ) საზოგადოებას აცნობს შესწავლისა და განხილვის შედეგებს;
ე) საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს  წარუდგენს განხილვის შედეგებს რეკომენდაციების/მოსაზრებების სახით;
ვ) თანამშრომლობს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საქართველოს საჯარო სამსახურებთან;
ზ) ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ გაზიარებული რეკომენდაციების სწორ და ეფექტიან განხორციელებას საქართველოში;
თ) თანამშრომლობს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში და ევროკომისიასთან;
ი) თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმებთან;
კ) თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილე საერთაშორისო, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ლ) თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფებთან, მმართველ კომიტეტთან და სხვა სტრუქტურებთან;.
მ) თანამშრომლობს ქართულ-ევროპულ პლატფორმასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმთან.

4. ეროვნული პლატფორმის წევრობა
4.1. ეროვნული პლატფორმის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირი,  რომლებიც იზიარებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის მიზნებსა და ღირებულებებს, გარდა იმ პირებისა, რომელთა დამფუძნებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
4.2. წინამდებარე მუხლის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრობის მსურველი ორგანიზაცია:
ა) რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრობის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტისთვის არაუგვიანეს 2 წლისა;
ბ) უნდა გააჩნდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი თემატური პლატფორმის რომელიმე სფეროში/სფეროებში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) უნდა გააჩნდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი პლატფორმის საქმიანობაში სტაბილური მონაწილეობისთვის.
4.3. წევრობის მსურველი ორგანიზაციები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, შეიძლება მოწვეულ იქნენ ასოცირებულ წევრებად, რომლებიც სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობენ დამკვირვებლის სტატუსით.
4.4. პლატფორმის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს, რომელშიც მიუთითებს იმ პირის/პირთა შესახებ, რომლებიც წევრად მიღების შემთხვევაში წარმოადგენენ წევრობის მსურველ ორგანიზაციას პლატფორმასთან ურთიერთობაში. საკონტაქტო პირები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები და პოლიტიკური პარტიების თანამდებობის პირები.
4.5. წერილობით განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წევრობის მსურველის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის და ორგანიზაციის წესდების ასლები, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობის და განხორციელებული პროექტების შესახებ.
4.6. საკოორდინაციო საბჭო წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე.
4.7. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება ეროვნული პლატფორმის მიზნების მოწონების, გაზიარების და ეთიკის კოდექსის სავალდებულოდ აღიარების შესახებ.
4.8. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია უნდა მონაწილეობდეს ეროვნული პლატფორმის სულ ცოტა ერთი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში  ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და გამოცდილების შესაბამისად.
4.9. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია უფლებამოსილია სხვადასხვა ფიზიკური პირით მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში
4.10. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელ ერთი და იგივე ფიზიკურ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ერთში - კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით, ხოლო მეორეში - სათათბირო ხმის უფლებით. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელ სხვადასხვა ფიზიკურ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ორივე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში კენჭისყრის უფლებით.
4.11. ეროვნული პლატფორმის წევრობის მსურველი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებში მიკუთვნების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭო წევრობის მსურველი ორგანიზაციის  განაცხადის საფუძველზე.
4.12. საკოორდინაციო საბჭო წევრობის მსურველ ორგანიზაციას წერილობით აცნობს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პლატფორმაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

5. ეროვნული პლატფორმის წევრობის შეწყვეტა
5.1. ეროვნული პლატფორმის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;
5.2. ეროვნული პლატფორმის გადაწყვეტილებით პლატფორმის წევრი ორგანიზაცია შეიძლება გაირიცხოს თუ:
ა) იგი უხეშად არღვევს წესდებით დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) მისი წარმომადგენელი უხეშად არღვევს ეთიკის კოდექსით დადგენილ წესებს
გ) იგი ან მისი წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეწევა პლატფორმის მიზნების  დისკრედიტაციას.  
დ) მისი წარმომადგენელი (ძირითადი და/ან მონაცვლე) ზედიზედ სამჯერ საკოორდინაციო საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად არასაპატიო მიზეზით არ ესწრება სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების გეგმიურ შეხვედრებს.
ე) პლატფორმის წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელს უნდა ეცნობოს მისი წარმომადგენლის მიერ ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა წევრის გაწვევისათვის. თუ პლატფორმის წევრი  არ გაიწვევს წარმომადგენელს და პლატფორმას არ შესთავაზებს ახალ წარმომადგენელს იგი გაირიცხება პლატფორმიდან ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
5.3. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პლატფორმის წევრს წინამდებარე მუხლის 5.4. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეიძლება შეუჩერდეს პლატფორმის წევრობა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული პლატფორმის შემდგომ საერთო კრებამდე.
5.5. გადაწყვეტილება წევრობიდან გარიცხვის შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრითეროვნული პლატფორმის კრების დამსწრეთა უმრავლესობით;

6. ეროვნული პლატფორმის წევრთა უფლება-მოვალეობანი
6.1. ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციას უფლება აქვს:
ა) წინასწარ განსაზღვრული არა უმეტეს ერთი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდეს ეროვნული პლატფორმის საერთო კრების მუშაობაში;
ბ) წინასწარ განსაზღვრული არა უმეტეს ერთი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდეს ეროვნული პლატფორმის საერთო ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში; წარმომადგენლის ჩანაცვლება შეიძლება წინასწარი შეტყობინების საფუძველზე;
გ) წინასწარ განსაზღვრული სხვადასხვა წარმომადგენლების  მეშვეობით მონაწილეობდეს ეროვნული პლატფორმის თითოეულ სამუშაო ჯგუფში;
დ) მიიღოს მონაწილეობა ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრთა არჩევის პროცესში და მისი წარმომადგენელი არჩეულ იქნას ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოში მხოლოდ ერთ მის მიერ წინასწარ დადგენილ ჯგუფში;
ე) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ესწრებოდეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საკოორდინაციო საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრისთვის გამოყოფილი ფართი ან დრო არ იძლევა დასწრების საშუალებას;
ვ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოსგან ეროვნული პლატფორმის საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ერთი კვირით ადრე საბჭოს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, შემდგომ ოქმი, შეხვედრის დასრულების თარიღიდან ერთი კვირის ვადაში ;
6.2. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია მოვალეა:
ა) შეასრულოს ეროვნული პლატფორმის წესდება და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) პლატფორმის წევრ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში იხელმძღვანელოს ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმებით;
გ) გაუფრთხილდეს ეროვნული პლატფორმის ღირსებას;

7. ეროვნული პლატფორმის საერთო კრება
7.1. ეროვნული პლატფორმის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ეროვნული პლატფორმის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა საკოორდინაციო საბჭოს ან საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ და ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც;
7.2. ეროვნული პლატფორმის საერთო კრების დღის წესრიგში ეროვნული პლატფორმის წესდების ცვლილების საკითხის შეტანას წყვეტს პლატფორმის საკოორდინაციო საბჭო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილია პლატფორმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით;
7.3. ეროვნული პლატფორმის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მოცემულ მომენტში დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული.
7.4. საერთო კრებაში ეროვნული პლატფორმის თითოეული წევრი ორგანიზაცია წარმოდგენილია ერთი მონაწილით. ყოველ წევრ ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის დაუშვებელია.
7.5. ეროვნული პლატფორმის საერთო კრება:
ა) ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ერთი წლის ვადით. საკოორდინაციო საბჭოს წევრებად ასარჩევ კანდიდატურებს საერთო კრებას სთავაზობს თითოეული სამუშაო ჯგუფი. საერთო კრებაზე კენჭი ეყრება სამუშაო ჯგუფის მიერ წამოყენებულ ყველა კანდიდატურას. არჩეულად ითვლება თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურიდან ის ორი კანდიდატურა, რომელიც დააგროვებს მეტ ხმებს ამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებში. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;
ბ) ისმენს ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;
გ) დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული პლატფორმის წევრის პლატფორმიდან გარიცხვის შესახებ;
დ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული პლატფორმის სახელით განცხადების/მიმართვის გავრცელების თაობაზე, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით გადაწყვეტილების მიღებისათვის, სავალდებულოა საკითხის სადისკუსიოდ გამოტანა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე სულ ცოტა 3 დღით (72 საათით) ადრე;
დ1) ამტკიცებს პლატფორმის ეთიკის კოდექსს;
დ2) დამსწრეთა უმრავლესობით (თუ სხდომას ესწრება არანაკლებ პლატფორმის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი) შეაქვს ცვლილება პლატფორმის წესდებაში და სხვა დოკუმენტებში;
ე) წევრთა 2/3-ის უმრავლესობით  იღებს გადაწყვეტილებას პლატფორმის რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის შესახებ;  
ვ) რეკომენდაციას უწევს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ კოორდინატორს სამოქალაქო საზოგადოების მორიგი ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პირველად შერჩევაში;  
7.6) ეროვნული პლატფორმა საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს ქართულ-ევროპული პლატფორმის 12 წევრს 18 კაციანი შემადგენლობიდან;
ა) ეროვნული პლატფორმის საერთო კრება ირჩევს ასოცირების შეთანხმების სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის 12 წევრს. 10 წევრს წარადგენენ 1, 2, 3, 4 სამუშაო ჯგუფები, ხოლო 2 წევრს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს პროფკავშირი და ერთი მეწარმეთა/დამსაქმებელთა ასოციაცია, წარადგენს მე-5 სამუშაო ჯგუფი.
ბ) ქართულ-ევროპული პლატფორმის წევრები აირჩევიან ერთი წლის ვადით;
გ) წევრების არჩევა ხდება საერთო კრებაზე ცალ-ცალკე ასოცირების ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წინასწარ დადგენილი მიმართულებების შესაბამისად. ამ მიმართულებებს ამზადებს საკოორდინაციო საბჭო (სპეციალურად შექმნილი კომისიის მონაწილეობით). საკოორდინაციო საბჭო ანაწილებს მიმართულებებს ჯგუფებში. ასარჩევ კანდიდატებს წარადგენენ სამუშაო ჯგუფები იმ მიმართულებების მიხედვით, რომლებიც ჯგუფების პროფილს შეესაბამებიან, კანდიდატთა კომპეტენციისა და გამოცდილების ამ მიმართულებებთან შესაბამისობის საფუძველზე. კრების წევრებს უფლება აქვთ დაასახელონ საერთო კრებაზე დამატებითი კანდიდატურები შესაბამისი დასაბუთებით).
დ) დანარჩენ 3 წევრს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი სამი მიმართულებით კონკურსის წესით პლატფორმის არაწევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წრიდან  ირჩევს საერთო კრების მიერ შექმნილი კომისია;
დ1) სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის 5 წევრი ირჩევა ე) პუნქტის ანალოგიურად, პლატფორმის არაწევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წრიდან ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე კარის იმ 5 მიმართულების შესაბამისად, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო შესთავაზებს კიდევ ერთ სპეციალურ კომისიას. კომისიას აირჩევს საერთო კრება. კომისიის წევრთა 1/3-ს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეადგენენ;
ე) კომისიების შექმნის წესს და კომპეტენციის საკითხებს განსაზღვრავს საერთო კრება;
ვ) კომისიებს შეუძლიათ შეარჩიონს ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე სამეცნიერო წრეებს, რომლებიც მუშაობენ ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესაბამის მიმართულებებზე;
ზ) კომისიის მიერ წევრებად შეიძლება შეირჩნენ ის კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენენ ეროვნულ პლატფორმას;
თ) პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ მაინც, ტარდება ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოსა და ქართულ-ევროპული პლატფორმის მონაწილეობით ასოცირების ხელშეკრულების აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით;
ი) ქართულ-ევროპული პლატფორმის კოორდინატორები თანამშრომლობენ ეროვნული პლატფორმის შესაბამისი მიმართულების ჯგუფებთან და ქვეჯგუფებთან.

8. ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები
8.1. წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ეროვნული პლატფორმა (საერთო კრება)  ქმნის 5 სამუშაო ჯგუფს აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 თემატური პლატფორმის შესაბამისად; ამავდროულად აღნიშნულ ჯგუფებში შესაძლებელია თემატური ან დარგობრივი ქვეჯგუფის ( შემდგომში ქვეჯგუფი) შექმნა არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე;
8.2. სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ. სამუშაო ჯგუფში მუშაობა ასევე შეიძლება წარიმართოს სამუშაო ჯგუფის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით;
8.3. სამუშაო ჯგუფი შედგება იმ ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლისგან, რომელთაც კონკრეტულ სამუშაო ჯგუფს მიაკუთვნებს საკოორდინაციო საბჭო საქმიანობის სფეროსა და გამოცდილების მიხედვით, წევრი ორგანიზაციის განაცხადის საფუძველზე;
8.4. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს სამუშაო ჯგუფის სახელით გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება ჯგუფის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
8.5. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მოცემულ მომენტში დამსწრეთა უმრავლესობით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი წევრის თანხმობა;
8.6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია სიითი უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე  ჯგუფის სახელით გაავრცელოს განცხადებები
8.7. სამუშაო ჯგუფის მუშაობას წარმართავს სამუშაო ჯგუფის ორი კოორდინატორი, რომლებიც არიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები. კოორდინატორების კანდიდატურებს ასახელებენ ჯგუფები, რომელთა რეგისტრაცია წარმოებს საერთო კრების მოწვევამდე 2 დღით ადრე. ეროვნული პლატფორმის საერთო კრება წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით ირჩევს ჯგუფების კოორდინატორებს.
8.8 ეროვნული პლატფორმის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფებია : 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკისასთან კონვერგაცია; 3. გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ადამიანებს შორის კონტაქტი 5. სოციალური დიალოგი
8.9. ეროვნული პლატფორმის ქვეჯგუფები
ა) ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქმნიან ქვეჯგუფებს.
ბ) ქვეჯგუფი იქმნება 1) აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივების და ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესაბამისად ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე; 2) ეროვნული პლატფორმის არანაკლებ ხუთი წევრის ინიციატივით შესაბამისი ჯგუფის კოორდინატორი საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს აღნიშნულ ინიციატივას უახლოესი სხდომისთვის;
გ) ჯგუფის გადაწყვეტილებით კოორდინატორი საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს ქვეჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივას;
დ)  ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს უფლება აქვთ სხვადასხვა ფიზიკური პირით მონაწილეობა მიიღონ ყველა ქვეჯგუფის მუშაობაში;
ე) ქვეჯგუფის კოორდინატორი სათათბირო ხმის უფლებით ესწრება საკოორდინაციო საბჭოს სხდომას  შესაბამისი სამუშაო ჯგუფის თემატიკის განხილვის შემთხვევაში.

9. ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭო
9.1. ეროვნული პლატფორმის მაკოორდინირებელი ორგანოა 11 წევრისაგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს წევრები არიან ჯგუფების კოორდინატორები, რომელთაც ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ერთი წლის ვადით ირჩევს ეროვნული პლატფორმის საერთო კრება ფარული კენჭისყრით.
9.2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ. საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარების და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 5 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.  
9.3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს ასევე ესწრება ეროვნული კოორდინატორი სათათბირო ხმის უფლებით. ეროვნულ კოორდინატორს უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს   საკოორდინაციო საბჭოს, სამუშაო ჯგუფებსა და ეროვნულ პლატფორმას. იგი ვალდებულია მოახდინოს პლატფორმის ინფორმირება მისი ორგანიზებით, მონაწილეობით გამართულ  საერთაშორისო ღონისძიებათა შედეგების  შესახებ.
9.4. საკოორდინაციო საბჭო:
ა) იწვევს და ატარებს პლატფორმის საერთო კრებას. კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ აცნობებს ეროვნული პლატფორმის წევრებს 10 დღით ადრე მაინც;
ბ) კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას  პლატფორმის წევრად განმცხადებელი ორგანიზაციის მიღების შესახებ კოორდინატორების მიერ წინასწარ ჯგუფებში განხილვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
გ) ეროვნული პლატფორმის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისთვის წარსადგენად აქვეყნებს ორი კვირით ადრე მაინც;
დ) განიხილავს ეთიკის კოდექსის და/ან ეროვნული პლატფორმის წესდების დარღვევის შემთხვევებს და სარეკომენადაციო წერილით მიმართავს იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება პლატფორმის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს; დარღვევის გონივრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შეუჩერებს წევრს უფლებამოსილებას და მიმართავს ეროვნული პლატფორმის საერთო კრებას წევრის გარიცხვის რეკომენდაციით.
ე) ეროვნული პლატფორმის საჭიროებიდან გამომდინარე, მოიძიებს ფინანსურ სახსრებს ეროვნული პლატფორმის გასაძლიერებალად და წესდებით დასახული მიზნების განსახორციელებლად ან გასცემს შესაბამის რეკომენდაციას პლატფორმის წევრ ორგანიზაციებზე დაფინანსების მისაღებად იმ საპროექტო წინადადებების შესახებ, რომლებიც ეხება ეროვნული პლატფორმის გაძლიერებას; თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილეს საკოორდინაციო საბჭოს წევრთაგან;
ვ) საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული პლატფორმის სამდივნოს თანამშრომლებს;  
ზ) ამტკიცებს ეროვნული პლატფორმის სამდივნოს საქმიანობის შესახებ დებულებას;
თ) ირჩევს ეროვნული პლატფორმის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც წესდების მიხედვით არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას;
კ) პლატფორმის წევრს უფლება აქვს მიმართოს საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში ამა თუ იმ საკითხის შესატანად;
9.4. საკოორდინაციო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით (ან გეგმიური შეხვედრების ნახევარზე მეტს) არ ესწრება საბჭოს სხდომას. მიზეზის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო.
9.5. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან საკოორდინაციო საბჭოს წევრი შეირჩევა საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
9.6. პირი საკოორდინაციო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.   

10. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
10.1. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ეროვნული პლატფორმის წევრთაგან ირჩევს ეროვნული პლატფორმა ერთი წლის ვადით;
10.2. პირი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით;  
10.3. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს ეროვნული პლატფორმის ყოველ წევრს;
10.4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე;
10.5. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს ეროვნულ პლატფორმას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
10.6. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
ბ) ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს და ეროვნული პლატფორმის განცხადებებს/მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს;
გ) კოორდინაციას უწევს ჯგუფებთაშორის საქმიანობას და მიმართავს მათ რეკომენდაციით;
დ)  მოიწვევს საკოორდინაციო საბჭოს, სამუშაო ჯგუფების  და საერთო კრების რიგგარეშე სხდომებს;
ე) წარმოადგენს ეროვნულ პლატფორმას ქართულ-ევროპულ პლატფორმაში;
ვ) ასრულებს წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;
10.7 თავმჯდომარის მოადგილე
ა) ასრულებს თავმჯდომარის დავალებებს;
ბ) თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საერთო კრების მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
10.8 საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ეროვნული პლატფორმის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისთვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

11. პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლობები
11. 1. პლატფორმის გაძლიერების მიზნით საქართველოს რეგიონებში შეიქმნება პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლობები;
11.2. წარმომადგენლობების ტერიტორიულ მდებარეობას, პლატფორმის წარმომადგენლის სტატუსს და აღიარების წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო  ხმათა უმრავლესობით ჯგუფებთან კონსულტაციის საფუძველზე.

FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა