1 მარტს, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, გაიმართა 2019-2020 წლებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიშის მოსმენა.
ანგარიში მომზადდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაციის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს,მიერ.
შეხვედრაზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გრძელდება მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობებში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით „ანგარიში მოიცავს ნარჩენების მართვის კოდექსით დაწესებულ მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პარლამენტს, ზუსტად შეაფასოს, როგორ მოქმედებს აღნიშნული კოდექსი, რა გამოწვევები არსებობს ადგილზე, სად არის საჭირო დახმარება და რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება გახდეს საჭირო“.
შეხვედრაზე პროექტის ექსპერტმა აკაკი ფანჩულიძემ ვრცლად ისაუბრა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების მოსალოდნელ შედეგებზე. აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე ნარჩენების მართვის კოდექსში იქნება შეტანილი ცვლილებები; ასევე, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების და შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ შემუშავდება ტექნიკური რეგლამენტები; სამი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელისა და გადამფუთი სადგურებისათვის ჩატარდება ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების კვლევა; წლის ბოლოსათვის აჭარაში გაიხსნება პირველი სანიტარული ნაგავსაყრელი, წნორში კი დახურული ნაგავსაყრელი.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის ინერტული ნარჩენების მართვა პრიორიტეტულია და სექტემბრიდან დაიწყება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინერტული ნარჩენების მართვის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე, ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2020-2030 წლების ნარჩენების მართვის განახლებული სტრატეგიის და 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.