შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ თამარ ხულორდავასთან
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ თამარ ხულორდავასთან
22 / თებ / 2018
2018 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, გაიმართა შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონ თამარ ხულორდავასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ხულორდავა, ისე საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე და საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და ევროინტეგრაციის კომიტეტს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობის გამოცდილება, თუმცა ამ შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო ხედვების ჩამოყალიბება, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო გეგმა.

პლატფორმის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები და საკოორდინაციო საბჭო კმაყოფილია იმ თანამშრომლობით, რომელიც არსებობს პლატფორმასა და კომიტეტს შორის და მომავალში, თანამშრომლობის ეფექტიანობისთვის, მიმართა წინადადებით, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც პლატფორმის წევრების მიერ იგზავნება კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და რომელთა გათვალისწინებაც ხდება კომიტეტის მიერ, აისახოს სტატისტიკის დონეზე. აღნიშნული დაგვეხმარება დავანახოთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს თანამშრომლობა არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლას და გაზიარებას.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ქალბატონმა თამარმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმის საქმიანობის იმ ნაწილზე, რომელიც უკავშირდება პლატფორმის წევრების მიერ რეკომენდაციების გაგზავნას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. "თქვენი მოსაზრებები, რეკომენდაციები ძალიან გვეხმარება დასკვნების მომზადების პროცესში, მიხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობის ინსტიტუტი არსებობს" - განაცხადა ქალბატონმა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს ამცნო დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების შესახებ, რომელზეც კომიტეტი წარადგენს წლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა
ავტორიზაცია

დონორები